პრაქტიკული გამოცდა — მოედანი და ქალაქი

2022 წლის აპრილიდან B კატეგორიის პრაქტიკული გამოცდა ორ სავალდებულო ეტაპად ტარდება და თანმიმდევრობა ფიქსირებულია: ჯერ დახურული მოედანი ექვსი ფიგურით, შემდეგ — მართვა რეალურ საგზაო მოძრაობაში, ქალაქის ქუჩებზე. A, A1, A2 და B1 კატეგორიებზე მხოლოდ მოედანი ბარდება.

ამ გვერდზე ორივე ეტაპია დეტალურად გარჩეული: ფიგურების სქემები და ტექნიკა ნაბიჯ-ნაბიჯ, შეფასების სისტემა, ვადები და პრაქტიკული რჩევები გამოცდის დღისთვის.

მთელი გზა ვადებით

  1. თეორიული გამოცდა. ჩაბარების შემდეგ გაქვს 30 კალენდარული დღე მოედნის ეტაპის ჩასაბარებლად. თუ ამ ვადაში ვერ მოასწარი — თეორია თავიდან იქნება ჩასაბარებელი.
  2. პირველი ეტაპი — მოედანი. უფასოა. ჩაჭრის შემთხვევაში ხელახლა გასვლა შეგიძლია ყოველ 7 დღეში, სანამ 30-დღიანი ვადა არ ამოიწურება.
  3. ლოდინის პერიოდი. მოედნის ჩაბარებიდან ქალაქის ეტაპამდე უნდა გავიდეს მინიმუმ 15 დღე — ეს დრო ქალაქში ვარჯიშისთვისაა. ვისაც ლოდინი არ უნდა, დაჩქარებული ჩაბარების საფასურია 160 ლარი. ქალაქის ეტაპის ჩასაბარებლად ჯამში გაქვს 365 კალენდარული დღე.
  4. მეორე ეტაპი — ქალაქი. ყოველი დანიშნული ცდა 90 ლარი. ჩაჭრის შემდეგ ახალი ცდა — არა უადრეს 30 დღისა. ჯავშნის გაუქმება უფასოა გამოცდამდე 72 საათით ადრე მაინც.
  5. მართვის მოწმობა. ორივე ეტაპის ჩაბარების შემდეგ იღებ B კატეგორიის მოწმობას.
გამოუცხადებლობა ძვირი ჯდება თუ ქალაქის ეტაპზე არ გამოცხადდი ან 15 წუთზე მეტით დააგვიანე, 90 დღით მოგეხსნება გამოცდაზე გასვლის უფლება და გადახდილი საფასურის მხოლოდ 50% დაგიბრუნდება.
მექანიკა თუ ავტომატიკა? საგამოცდო მანქანას შსს-ის მომსახურების სააგენტო გაძლევს და გადაცემათა კოლოფის არჩევანი შენია. ავტომატიკაზე ჩაბარებისას მოწმობაში შეზღუდვა ჩაიწერება — მართვის უფლება მხოლოდ ავტომატიკურ მანქანებზე გექნება; მექანიკაზე ჩაბარებული მოწმობა შეზღუდვის გარეშეა. 2025 წლის სექტემბრიდან შეზღუდვის მოხსნაც შესაძლებელია: ორივე პრაქტიკული ეტაპი ხელახლა უნდა ჩააბარო მექანიკურ მანქანაზე — თეორიის გადაბარება საჭირო არ არის.

პირველი ეტაპი — მოედანი

მოედანზე ექვსი ფიგურაა და ექვსივე უნდა შეასრულო. შეფასება ასე მუშაობს: იწყებ 100 ქულით და ყოველ შეცდომაზე საჯარიმო ქულები გაკლდება. შედეგი დადებითია, თუ დაგროვილი საჯარიმო ქულა 39-ს არ აღემატება; 40 ან მეტი — ჩაჭრა.

საჯარიმო ქულატიპური დარღვევა
≈5მცირე უზუსტობა მანევრისას — წყვეტილი, არამდორე მოძრაობა, ზედმეტი კორექტირება
≈10მართვის შეცდომა — მაგალითად, ძრავის ჩაქრობა ან არასწორი გადაცემა
≈15ფიგურის საზღვრის გადაკვეთა, კონუსზე შეხება, მანქანაზე კონტროლის დაკარგვა
≈20ფიგურის შეუსრულებლობა

ზუსტი მნიშვნელობა კონკრეტულ დარღვევაზეა დამოკიდებული — ცხრილი მიახლოებით დონეებს აჩვენებს.

ქვემოთ თითოეული ფიგურაა გარჩეული: სქემა, ტექნიკა ისე, როგორც კარგი ინსტრუქტორი აგიხსნიდა, და შეცდომები, რომლებზეც ყველაზე ხშირად ჯარიმდებიან.

1 პარალელური პარკირება
1 — ჩაუარე და გაუსწორდი 2 — უკუსვლით
  1. ნელა ჩაუარე ბოქსს და გაჩერდი მის პარალელურად: გვერდითი დაშორება 0,5–1 მეტრი, შენი უკანა ბორბალი ბოქსის შესასვლელ (წინა) კიდეს გასწორებული.
  2. ჩართე უკუსვლა, შეამოწმე ორივე სარკე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიძარი.
  3. საჭე ბოლომდე ბოქსის მხარეს და ძალიან ნელა დაიწყე უკუსვლა.
  4. ორიენტირი: როგორც კი ბოქსის მოპირდაპირე მხარეს არსებულ სარკეში ბოქსის შორეული კუთხე გამოჩნდება, საჭე გაასწორე და სწორად ჩადი.
  5. როცა უკანა ბორბალი ბოქსის კიდეს მიუახლოვდება (ბოქსისკენა სარკეში ხედავ), საჭე ბოლომდე საპირისპირო მხარეს.
  6. შედი ბოქსში, სანამ მანქანა საზღვრების პარალელური გახდება, და გაასწორე თვლები.
  7. საჭიროებისას ერთი მოკლე წინსვლით დაასრულე პოზიცია — მანქანა მთლიანად ბოქსში უნდა იდგეს.

ტიპური შეცდომები:

  • კონუსზე შეხება ან საზღვრის გადაკვეთა;
  • მანქანა ბოლომდე ვერ შევიდა ბოქსში — გაბარიტი ხაზზე რჩება;
  • ზედმეტად ბევრი კორექტირება წინ-უკან;
  • უკუსვლის დაწყება სარკეების შეუმოწმებლად;
  • ძრავის ჩაქრობა.
2 ზიგზაგი
  1. შედი ფიგურაში ნელა — პირველი გადაცემა სავსებით საკმარისია; მექანიკაზე სიჩქარეს გადაბმულობის სატერფულით არეგულირებ.
  2. მზერა შორს გქონდეს: უყურე არა უახლოეს კონუსს, არამედ ერთი-ორი კონუსით წინ.
  3. საჭის მოხვევა დაიწყე ადრე — სანამ კონუსს გაუსწორდები, და არა მასთან მისვლისას.
  4. თითოეულ კონუსს შედარებით ახლოს ჩაუარე — ასე მეტი ადგილი დაგრჩება შემდეგი მოსახვევისთვის.
  5. საჭე იმუშავე მდორედ და რიტმულად: მოხვევა — გასწორება — მოხვევა საპირისპირო მხარეს.
  6. ბოლო კონუსის შემდეგ გაასწორე მანქანა და მშვიდად დაასრულე ფიგურა.

ტიპური შეცდომები:

  • კონუსზე შეხება ან წაქცევა;
  • გვერდითი საზღვრის გადაკვეთა;
  • გაჩერება ფიგურის შუაში;
  • მეტისმეტი სიჩქარე და ამის გამო დაგვიანებული საჭე;
  • ძრავის ჩაქრობა.
3 შეზღუდული სიგანის შემოსაბრუნებელი უბანი
1 2 3
  1. შესვლისას მიუახლოვდი მარჯვენა საზღვარს — რაც უფრო მარჯვნივ დგახარ, მით მეტი ადგილი გაქვს მოსაბრუნებლად.
  2. საჭე ბოლომდე მარცხნივ და ნელა წაიწიე წინ. საჭის ბოლომდე მოხვევა ადგილზე დგომისასაც შეიძლება — ეს შეცდომად არ ითვლება.
  3. გაჩერდი მოპირდაპირე საზღვართან მიახლოებისას — ბამპერი ხაზს არ უნდა გასცდეს. ორიენტირი: ხაზი კაპოტს „შეუძვრება", როცა უკვე საკმაოდ ახლოსაა.
  4. საჭე ბოლომდე მარჯვნივ, ჩართე უკუსვლა და ნელა დაიხიე უკან — უყურე უკან, უკანა საზღვართან დროულად გაჩერდი.
  5. საჭე ისევ მარცხნივ, პირველი გადაცემა — და გამოდი ფიგურიდან საპირისპირო მიმართულებით.
  6. მთელი ფიგურის განმავლობაში იმოძრავე „ნაბიჯის" სიჩქარით — აქ სისწრაფე არავის აინტერესებს, სიზუსტე ფასდება.

ტიპური შეცდომები:

  • საზღვრის გადაკვეთა ან კონუსზე შეხება;
  • ზედმეტი „ქანქარაობა" — დაშვებულზე მეტი მანევრი;
  • სწრაფი, უკონტროლო უკუსვლა უკან მოუხედავად;
  • ძრავის ჩაქრობა.
4 ბოქსში უკუსვლით დგომა
ბოქსი 1 2
  1. ნელა ჩაუარე ბოქსს მისი ხაზიდან დაახლოებით 1 მეტრის დაშორებით.
  2. გაჩერდი, როცა შენი მხრების ხაზი (დაახლოებით — უკანა ბორბალი) ბოქსის შორეულ კიდეს გასცდება.
  3. ჩართე უკუსვლა, საჭე ბოლომდე ბოქსის მხარეს და ნელა დაიხიე უკან — უყურე ბოქსისკენა სარკეს.
  4. როგორც კი მანქანა ბოქსის ღერძს გაუსწორდება — ორივე სარკეში ბოქსის გვერდითი ხაზები სიმეტრიულად ჩანს — საჭე გაასწორე.
  5. სწორად ჩადი ბოქსში; სარკეებით აკონტროლე, რომ ხაზებამდე მანძილი ორივე მხარეს თანაბარი იყოს.
  6. გაჩერდი დროულად — უკანა საზღვარს არ გასცდე. მანქანა მთლიანად ბოქსში უნდა იდგეს, თვლები გასწორებული.

ტიპური შეცდომები:

  • ბოქსში ირიბად ჩადგომა ან ხაზზე დადგომა;
  • კონუსზე შეხება, უკანა საზღვრის გადაკვეთა;
  • ბოქსში ბოლომდე შეუსვლელობა;
  • ზედმეტი კორექტირებები;
  • სარკეების უგულებელყოფა უკუსვლისას.
5 რვიანი
  1. შედი ფიგურაში ნელა და აიღე მუდმივი, დაბალი სიჩქარე — რვიანი რიტმის ფიგურაა.
  2. მზერა მრუდის გასწვრივ, წინ გქონდეს — უყურე იქ, სადაც მიდიხარ, და არა კაპოტს.
  3. პირველ წრეზე საჭე თანაბრად მოხვეული დაიჭირე — ტრაექტორია წრიული უნდა გამოვიდეს, საზღვრებიდან თანაბარ დაშორებაზე.
  4. წრეების გადაკვეთის წერტილში საჭე მდორედ, მაგრამ საკმაოდ სწრაფად გადაიტანე საპირისპირო მხარეს — ეს ფიგურის მთავარი მომენტია.
  5. მეორე წრეზეც იგივე რიტმი და იგივე დაშორება შეინარჩუნე.
  6. გამოსვლისას გაასწორე მანქანა და მშვიდად დაასრულე ფიგურა.

ტიპური შეცდომები:

  • შიდა ან გარე საზღვრის გადაკვეთა;
  • საჭის დაგვიანებული ან მკვეთრი გადატანა გადაკვეთის წერტილში;
  • გაჩერება ფიგურის შუაში;
  • არათანაბარი სიჩქარე;
  • ძრავის ჩაქრობა.
6 აღმართი (ესტაკადა)
გვერდითი ხედი სტოპ-ხაზი
  1. აუყევი აღმართს პირველი გადაცემით და გაჩერდი სტოპ-ხაზთან — მანქანა მთლიანად ფერდობზე უნდა იდგეს.
  2. დააფიქსირე მანქანა: ფეხი მუხრუჭზე, ჩართე ხელის მუხრუჭი.
  3. დაძვრა მექანიკაზე: გადაბმულობის სატერფული ნელა აუშვი „ჩაჭიდების" წერტილამდე — ძრავის ხმა ოდნავ დაიწევს და მანქანა „დაჯდება".
  4. დაამატე გაზი და პარალელურად მდორედ აუშვი ხელის მუხრუჭი — მანქანა უკან დაგორების გარეშე უნდა დაიძრას.
  5. ავტომატიკაზე ეს ბევრად მარტივია: ხელის მუხრუჭის აშვებასთან ერთად მშვიდად გადადი გაზზე.
  6. აღმართის თავზე სიჩქარეს ნუ მოუმატებ; დაღმართზე ჩადი ნელა, მუხრუჭით და არა გამორთული გადაცემით.

ტიპური შეცდომები:

  • უკან დაგორება დასაშვებზე მეტად — შესამჩნევი დაგორება ფიგურის ჩაჭრას ნიშნავს;
  • ძრავის ჩაქრობა დაძვრისას;
  • სტოპ-ხაზთან გაუჩერებლობა ან ხაზის გადაცდენა;
  • ხელის მუხრუჭის გამოუყენებლობა;
  • დაღმართზე სწრაფად დაშვება.

მეორე ეტაპი — ქალაქი

ქალაქის ეტაპი მინიმუმ 25 წუთი გრძელდება და ტარდება ოფიციალურ საგამოცდო მარშრუტზე, რომელიც შსს-ის მინისტრის ბრძანებითაა დამტკიცებული. მარშრუტები მოქმედებს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, თელავში, ფოთსა და ოზურგეთში; 2026 წლის ივნისში ახალი მარშრუტები დაემატა ბათუმსა და გორში, ივლისში — გორსა და ოზურგეთში. მარშრუტები წინასწარაა გამოქვეყნებული — აუცილებლად გაიარე ინსტრუქტორთან ერთად.

შეფასება შეცდომების კლასებზეა აგებული:

კლასიმაგალითებიშედეგი
მსუბუქი დაძვრამდე არ შეამოწმე, დაკეტილია თუ არა კარები; დაგვიანებული გადართვა პირველიდან მეორე გადაცემაზე; ღვედის ან სარკეების უზუსტობა ჯამში 15 ან მეტი — ჩაჭრა
მძიმე საჭეზე კონტროლის დაკარგვა; აკრძალული გასწრება მარჯვენა მხრიდან; შუქნიშნის, ნიშნის, მონიშვნის ან გამომცდელის მოთხოვნის დარღვევა ერთიც საკმარისია ჩასაჭრელად
დისკვალიფიკაცია გამომცდელის კანონიერი მითითების უგულებელყოფა; გამოუცხადებლობა ან დაგვიანება გამოცდა წყდება
2026 წლის ცვლილებები შენს სასარგებლოდ 15 ივნისიდან მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე გაიზარდა. ამავე დროიდან გამომცდელი ვალდებულია, წვრილმან ტექნიკურ თუ ნერვიულობით გამოწვეულ უზუსტობაზე (მაგალითად ღვედი, სარკეები) ჯერ სიტყვიერი მინიშნება მოგცეს და გამოსწორების შანსი დაგიტოვოს — შეცდომა მხოლოდ ამის შემდეგ ფიქსირდება.
გასაჩივრება და შეწყვეტილი გამოცდა შედეგის გასაჩივრება შეგიძლია 3 სამუშაო დღის განმავლობაში. თუ გამოცდა ობიექტური მიზეზით შეწყდა, მისი განახლება 10 სამუშაო დღეში უფასოდ შეგიძლია — ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც შეწყდა.

ტექნიკური გამართულობის შემოწმება

მარშრუტზე გასვლამდე გამომცდელი 2 დავალებას მოგცემს მანქანის ტექნიკურ გამართულობაზე — წინასწარ გამოქვეყნებული, B კატეგორიისთვის 20-კითხვიანი ბანკიდან. პასუხი შეიძლება ჩვენებით ან სიტყვიერად გასცე. შეცდომა ან არცოდნა მხოლოდ 1 მსუბუქ შეცდომად ითვლება — ამაზე გამოცდა არ იჭრება, მაგრამ ორი წუთი მოძებნე და დაისწავლე, ტყუილად ნერვები რად გინდა. ტიპური დავალებები და მოკლე პასუხები:

ძრავის ზეთის დონე

გახსენი კაპოტი, ამოიღე ზეთსაზომი ღერო, მოწმინდე, ჩადე და ისევ ამოიღე — ზეთის კვალი MIN და MAX ნიშნულებს შორის უნდა იყოს. მოწმდება გაჩერებულ ძრავზე, სწორ ზედაპირზე.

სამუხრუჭე სითხის დონე

კაპოტის ქვეშ, საჭის მხარეს, გამჭვირვალე რეზერვუარია — სითხე MIN და MAX ნიშნულებს შორის უნდა იდგეს. გახსნა საჭირო არ არის, დონე გარედან ჩანს.

გამაგრილებელი სითხის დონე

გამაფართოებელ ავზზე MIN/MAX ნიშნულებია — დონე მათ შორის უნდა იყოს. მოწმდება ცივ ძრავზე; ცხელ ძრავზე ხუფის მოხსნა საშიშია.

საბურავების მდგომარეობა და წნევა

ვიზუალურად: დაზიანების გარეშე და ნორმალურად დაბერილი; პროტექტორის სიღრმე მინიმუმ 1,6 მმ. წნევის ნორმა მწარმოებლის ეტიკეტზეა — ჩვეულებრივ მძღოლის კარის წირთხლზე.

ფარები და განათება

ჩვენებით: ჩართე გაბარიტები და ახლო განათება, საჭიროებისას შორიც, და დაასახელე — მოწმდება, ყველა ფარა ანათებს თუ არა.

მოხვევის მაჩვენებლები და საავარიო სიგნალიზაცია

ჩართე მოხვევის მაჩვენებელი ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს; საავარიო ღილაკზე ყველა მაჩვენებელი ერთდროულად უნდა აციმციმდეს.

სამუხრუჭე (სტოპ) სიგნალები

დააჭირე მუხრუჭის სატერფულს და სთხოვე ვინმეს შემოწმება, ან გამოიყენე ანარეკლი — კედელი, ვიტრინა, სხვა მანქანა უკან.

ხმოვანი სიგნალი

მოკლედ დააჭირე საჭეზე სიგნალის ღილაკს — უნდა ისმოდეს მკაფიოდ.

მინამწმენდები და მინის სარეცხი სითხე

ჩართე შემასხურებელი და მინამწმენდები — სითხე მინას უნდა შეესხუროს და ჯაგრისები გამართულად, ზოლების გარეშე წმენდდეს.

ხელის მუხრუჭი

აწიე ხელის მუხრუჭი — მკაფიო წინააღმდეგობა უნდა იგრძნობოდეს და მანქანას დგომისას აკავებდეს; ელექტრონულზე პანელზე ინდიკატორი ინთება.

რჩევები გამოცდის დღეს

რა გელოდება შემდეგ? საფასურები, ჯავშნის წესები და საჭირო დოკუმენტები — ინფორმაციის გვერდზე. თეორია ჯერ ჩასაბარებელი გაქვს? ივარჯიშე ბილეთებზე ან გაიარე გამოცდის სიმულაცია.